ვინ დგას „სისხლიანი ბანერების“ უკან – ცესკოს განცხადება

თბილისში სარეკლამო ფარებზე განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული სკანდალი სულ უფრო მწვავდება.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა თბილისში სარეკლამო ფარებზე პოლიტიკური ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის მოკვლევა დაიწყო, განაცხადა ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
გასულ კვირაში თბილისში გამოფინეს პოლიტიკური ბანერები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას, პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, ტელეარხ „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას, დეპუტატ გუბაზ სანიკიძის, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას, „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის გამოსახულებით.
ბანერებს აქვს „სისხლის“ ლაქები და წარწერა: „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ და ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 17 სექტემბერს გამოჩნდა.

„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სანტურიანმა.

„სისხლიანი ბანერების“ განთავსებაზე თბილისის მერმა კახა კალაძემაც ისაუბრა და ოპონენტების კრიტიკას უპასუხა.
„ჩემკენ ხელს ვერ გამოიშვერენ. ეს ოპოზიციის ბინძური პიარის ნაწილია, რასაც ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ, ამიტომ არაფერი მიკვირს. არის კონკრეტული ადამიანები, ვინც გამოაკრა ეს ბანერები და შეგიძლიათ მიმართოთ მათ. არანაირი კავშირი ამ ბანერებს ჩემთან არ აქვს“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
პირველად მსგავსი სარეკლამო ბანერი წარწერით „არა ნაცებს, არა ბოროტებას“ თბილისში 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა.
გახარია და სააკაშვილი ერთ ბანერზე: წინასაარჩევნო ბრძოლა ქუჩებში გრძელდება
კომპანია „ალმაში“, რომელსაც დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვთ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი შემოიფარგლება იმით, რომ სარეკლამო ბანერს შემკვეთისგან იღებენ და კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე აკრავენ.
ოპოზიციური მედიასაშუალებების მონაცემებით, „სისხლიანი ბანერების“ განთავსების უკან დგას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მის სახელს უკავშირდება კომპანია Wissol Petroleum Georgia, Smart-ის მარკეტების ქსელი, სწრაფი კვების რესტორნები Wendy's.