სისხლიანი ბანერების საქმე: დაავადებათა კონტროლის ცენტრმა კომპანია „ალმას“ წერილით მიმართა

გასულ კვირაში პოლიტიკური ბანერები ზემოდან გადააკრეს სხვა ბანერებს, რომელიც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს კომპანია „ალმას“, უზრუნველყოს გარე ბილბორდებზე ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
იმ ბანერებზე, რომლებიც ვაქცინაციის რეკლამის ბანერებს გადააკრეს, თეთრ ფონზე სისხლიანი ლაქებით გამოსახული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია, კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის" და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ოპოზიციური „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია, ტელეარხ „ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე. ბანერს აქვს წარწერა: „არა ნაცებს, არა ბოროტებას, არა ღალატს".

„მოგიწოდებთ უზრუნველყოთ გარე ბილბორდებზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი შინაარსის შემცველი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების საშუალება“, – წერია ცენტრის წერილში, რომელიც დღეს კომპანია „ალმას“ ოფიციალურად გაეგზავნა.

გამყრელიძის განცხადებით, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას, როდესაც COVID-19-ით ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება.
ვინ დგას „სისხლიანი ბანერების“ უკან – ცესკოს განცხადება
„ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ბანერების შეცვლის თაობაზე ინფორმაციის წინასწარ მიღების შემთხვევაშიც ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სიცოცხლის გადასარჩენად.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი გაითავისებენ იმ დიდ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც დღეს თითოეულ კომპანიას, თითოეულ ადამიანს აქვს ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე არ აკონკრეტებს, რომელ რიცხვამდე ჰქონდა გაფორმებული დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელშეკრულება სარეკლამო კომპანია „ალმასთან“ ვაქცინაციის სააგიტაციო ბანერების განთავსებაზე, ასევე უცნობია ამოეწურა თუ არა ვადა აღნიშნულ ხელშეკრულებას.
კომპანია „ალმაში“ კი, რომელსაც დედაქალაქში გარე რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება გააჩნია, აცხადებენ, რომ სარეკლამო ბანერის შინაარსთან არავითარი კავშირი არ აქვთ. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, მათი როლი შემოიფარგლება იმით, რომ სარეკლამო ბანერს შემკვეთისგან იღებენ და კომპანიის კუთვნილ ბილბორდებზე აკრავენ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ბანერებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
თბილისში სარეკლამო ფარებზე პოლიტიკური ბანერების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხის მოკვლევა დღეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმაც დაიწყო.
ოპოზიციური მედიასაშუალებების მონაცემებით, „სისხლიანი ბანერების“ განთავსების უკან დგას საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. მის სახელს უკავშირდება კომპანია Wissol Petroleum Georgia, Smart-ის მარკეტების ქსელი, სწრაფი კვების რესტორნები Wendy's. აღნიშნული ბანერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, 17 სექტემბერს გამოჩნდა.