საქართველოში კონტრაბანდული ოქროს შემოტანა სცადეს

გამოვლენილი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი - Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის რამდენიმე ფაქტი გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
უწყების ცნობით, საქართველო თურქეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის ორი ფაქტია აღკვეთილი.
თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა.
მსოფლიო დღეს
ქართველმა ქალმა ერაყში ოთხი კილო ოქრო და ორ მილიონ დოლარზე მეტი მოიპარა
კანონდარღვევის მეორე ფაქტი კი ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა.
საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, აღმოჩენილი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში 28 ათასი ლარი შეადგინა. სწორედ ამ ოდენობის ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ კანონდამრღვევებს.