სუროგაციის ცენტრ NEW LIFE-ის დამფუძნებელს მარიამ კუკუნაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ქალი აქტუალური განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქმარმა სხვა ქალის გამო მიატოვა, რამდენიმე დღეში კი გაავრცელა განცხადება, რომ მეუღლე დაუბრუნდა და ძვირადღირებული „პორშე“, შემდეგ კი სიონში მიწის ნაკვეთი აჩუქა.
წყვილს სამი ტყუპი ჰყავს – ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელიც სუროგაციის მეშვეობით გაუჩნდა. მათ კარგა ხანს არ ჰყავდათ შვილი და, როგორც მარიამი ინტერვიუებში აღნიშნავს, სწორედ ამის გამო წამოიწყო საკუთარი ბიზნესი, რომელიც უშვილო წყვილებს ეხმარება.
როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, ბიზნესი 1200 ლარით დაიწყო. მუშაობდა ამერიკის საელჩოში, ბოლო ხელფასი რომ აიღო, 300 დოლარად იქირავა ერთი ოთახი ბახტრიონის ქუჩაზე და პატარ-პატარა ნაბიჯებით ბიზნესი დაიწყო. 2008 წლიდან დაიწყო დონაციისა და სუროგაციის ცენტრის გახსნით საქართველოში, შემდეგ უკვე სხვა ფილიალები მოჰყვა, შემდეგ - ხელოვნური განაყოფიერების კლინიკები და ამჟამად ფილიალები უკვე 10-ზე მეტ ქვეყანაშია.
მარიამ კუკუნაშვილი საკუთარი დიზაინით მოწყობილ უზარმაზარ სახლში ცხოვრობს. ქალი ცხრაჯერ დაქორწინდა საკუთარ მეუღლეზე. როგორც ინტერვიუებში ამბობდა, ეს ტრადიცია უკვე მობეზრდათ და დაივიწყეს ჩვევა, რომ ყოველ წელს ახლიდან სთხოვდა ქმარი ხელს. მისი მეუღლე ასევე ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია. წყვილი ერთად ხელმძღვანელობს სუროგაციის ცენტრს.