ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ბრალდებულებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ აკაკი ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
ნიკა კვარაცხელია 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მეორე დღეს გარდაიცვალა.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს გამოძიება ამ დრომდე ეძებს. ერთ-ერთი ვერსიით, მათ დანაშაულის ჩადენისთანავე დატოვეს ქვეყანა.
საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის თქმით, ბრალდებულების მიმართ არსებობს ფაქტობრივი და ფორმალური გარემოებები, რომ მათ დანაშაული ნამდვილად ჩაიდინეს. ამაზე მეტყველებს მოწმეთა დაკითხვები, ჩხრეკის ოქმები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები და სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილებმა დანაშაულის ჩასადენად სპეციალურად შეიძინეს იარაღი და ვაზნები, ასევე ვინმე ნინო ბერიძისგან იქირავეს Hyundai-ს მარკის ავტომობილი.
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე: ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა
„15 სექტემბერს, 16 საათსა და 20 წუთზე გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე გიორგი კავილაძის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით მივიდნენ ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ნიკოლოზ კვარაცხელია იყო პირად საქმეზე. კავილაძემ კვარაცხელიას ახლოს გააჩერა მანქანა. კავილაძე დარჩა საჭესთან, ხოლო ალეკო ჭელიძე მივიდა კვარაცხელიას მანქანასთან და დაელოდა მას. როცა კვარაცხელია დაბრუნდა, ჭელიძემ ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და რამდენჯერმე ესროლა კვარაცხელიას“, – განაცხადა სასამართლოზე შაიშმელაშვილმა.
პროკურორის თქმით, კვარაცხელია შეეცადა ჭელიძისგან გაქცევას, თუმცა ჭელიძე მას გაეკიდა და ისევ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები. ნიკა კვარაცხელიას ათი ტყვია ესროლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად). დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 15 ნოემბერს ჩაინიშნა.