თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ელენე ხოშტარია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ პოლიტიკოსმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.
ხოშტარიას თქმით, ის პროკურატურაში ფარული მიყურადების საქმეზე მოწმის სახით დაიბარეს.
გასულ კვირაში ხოშტარიამ ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ მასმედიაში გამოქვეყნებული მისი საუბრების ჩანაწერის შემცველი სკანდალური ფაილები ნამდვილია. პოლიტიკოსის თქმით, ჩანაწერი 2019 წელს არის გაკეთებული და ოფისის იჯარას ეხება.
„დამირეკეს პროკურატურიდან, მოწმის სახით გვინდა დაგიბაროთ მოსმენებზეო. არ გენდობით, პირიქით გიჩივით–თქო, სტრასბურგშიც მოგიწევთ პასუხების გაცემა–თქო“, – დაწერა ხოშტარიამ.
პროკურატურაში ნებაყოფლობით მისვლაზე ხოშტარიას უარს უწყებაში უპასუხეს, რომ მაშინ სასამართლოს მეშვეობით გამოიძახებენ.
ქართველი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, დიპლომატების საუბრების ფარული ჩანაწერების შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა ტელეარხებმა „TV პირველმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ 13 სექტემბერს გაავრცელეს.
ფარულმა ჩანაწერებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რელიგიის განყოფილებიდან გამოჟონა. საუბარია რამდენიმე ასეულ მაღალი და დაბალი იერარქიის სასულიერო პირზე, რომელთა ფარული თვალთვალი და მიყურადება მიმდინარეობდა. ჟურნალისტების ხელში უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი 50 ათასზე მეტი ფაილი მოხვდა.
მასმედიის მონაცემებით, ოპოზიციურ ტელეარხებს ფარული ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა მიაწოდა.