2022 წლისთვის „ზემო ლარსის“ გამტარუნარიანობა 6,5-ჯერ გაიზრდება

საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. 2022 წლიდან სომხეთის ავტომანქანებს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ სწრაფად და მარტივად გავლის შესაძლებლობა ექნებათ, განაცხადა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დმიტრი ვოლვაჩმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.
2022 წლის შუა პერიოდისთვის საკონტროლო-გამშვები პუნქტისა და მიმდებარე გზის მონაკვეთის კაპიტალური რემონტი დასრულდება, რის შედეგადაც მისი გამტარუნარიანობა 6,5-ჯერ გაიზრდება – დღეში დაახლოებით 2.650 მანქანამდე, გაფართოების პერსპექტივით 3 ათასამდე.

„ამგვარად, სირთულეები, რომლებსაც სომხური მანქანები აწყდებიან, მოგვარებული იქნება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობას”, – განაცხადა ვოლვაჩმა ერევანში გამართულ სომხურ-რუსულ ბიზნეს-ფორუმზე.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი"–„ზემო ლარსი" დღეისათვის ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.