თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოს დედაქალაქში სამშაბათს, 21 სექტემბერს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში გაიმართება.
ღონისძიება ჩატარდება შემდეგი პრინციპით: წიგნების თაროებზე განთავსდება გერმანული ლიტერატურის 100 ქართული თარგმანი. წიგნებს ისე დაახარისხებენ, რომ გარეკანის და სათაურის დანახვა არ იქნება შესაძლებელი.
ღონისძიებაში მონაწილოების მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ოღონდ იმ პირობით, თუ შემთხვევითობის პრინციპით არჩეული წიგნიდან ნაწყვეტს 2-3 წუთის განმავლობაში სახალხოდ წაიკითხავს, რის შემდეგაც არჩეულ წიგნს ის საჩუქრად მიიღებს.
აქცია „100 წიგნი საჩუქრად" საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მიერ არის ორგანიზებული პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის" ფარგლებში. ღონისძიება აკაკი წერეთლის ბიბლიოთეკაში (ჭავჭავაძის გამზ. 24) 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.
„ახლად რეაბილიტირებულ აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკაში მიმდინარე საუკეთესო გერმანულენოვანი გამოცემების გამოფენის პარალელურად თბილისის მცხოვრებლებს ვაძლევთ საშუალებას, არა მხოლოდ მხატვრულ კითხვაში მოსინჯონ ძალები, არამედ საჩუქრად წიგნებიც მიიღონ“, – განაცხადა პროექტ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა.
თაროზე გამოჩნდება „სულაკაურის", „ინტელექტის", „ქარჩხაძის", „მელანის," „დიოგენეს", „წიგნები ბათუმში" და „პალიტრა L"-ის გამომცემლობების წიგნები.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" არის იუნესკოს პროექტი, რომელიც თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.