თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაიცვალა ნეკრესელი მიტროპოლიტი, მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი), იუწყება საქართველოს საპატრიარქო.
საპატრიარქო მეუფის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მეუფე სერგი 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი) ნეკრესის ეპარქიას 1997 წლიდან მართავდა.
საქართველო კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად 43 ადამიანი გარდაიცვალა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობა 8.541-მდე გაიზარდა.