სკანდალი ხელვაჩაურში წინასაარჩევნო რეკლამის გამო: რა მოხდა მთიან აჭარაში

„ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. ხელვაჩაურში წინასაარჩევნო პლაკატების გამო მორიგი სკანდალი მოხდა - მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულეს.
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ხელვაჩაურში მერობის პოსტზე იბრძვის სამი კანდიდატი - ზაზა დიასამიძე „ქართული ოცნებიდან“, მიშა ბოლქვაძე „ნაცმოძრაობიდან“ და ჯუმბერ ბერიძე პარტიიდან „საქართველოსთვის“.
ბოლქვაძემ „ქართული ოცნების“ აქტივისტები პლაკატების დაზიანებაში და მის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. მისი თქმით, პარტიის აქტივისტებმა მისი პლაკატი მიზანმიმართულად დააზიანეს და თვალები და პირი გამოჭრეს.
„ხელისუფლებას არ მოსწონს, რასაც ვხედავთ და რასაც ვლაპარაკობთ - სწორედ ეს არის ბანერების განადგურების მიზეზი", - განაცხადა ბოლქვაძემ.
გახარია და სააკაშვილი ერთ ბანერზე: წინასაარჩევნო ბრძოლა ქუჩებში გრძელდება
ბოლქვაძემ და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა პროტესტის ნიშნად დაზიანებული პლაკატები მმართველი პარტიის ოფისში მიიტანეს და იქ დატოვეს.
ამასთან „ქართულ ოცნებაში“ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები პროვოკაციაში დაადანაშაულეს.
„გაუგონარია უშუალოდ ის საბაბი, რომელიც ჩვენ ოფისში შესაჭრელად პროვოკატორებმა გამოიყენეს. მათ მიიტანეს კანდიდატის დახეული პლაკატი, რომელიც უდიდესი ალბათობით თავად დააზიანეს და შემდეგ, ყოველგვარი ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე გამოიყენეს მიზეზად, რომ ეს მძიმე პროვოკაცია მოეწყოთ, რაც მათ საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსმა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარტიის წევრები პროვოკაციას არ აჰყვნენ და ყველაფერი გადაიღეს.
„ჩვენ კანონის ფარგლებში აუცილებლად გავცემთ პასუხს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. არჩევნებში სულ 50 პარტია იღებს მონაწილეობას.