თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. მძიმე შემთხვევები, რეანიმაციაში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობა და სიკვდილიანობა პირდაპირ დამოკიდებულია ვაქცინაციის ტემპზე, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა აგვისტოში 4-5 ათასს აღწევდა, ახლა კი 2-3 ათასის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც ძალიან მაღალია. ბოლო 24 საათში კორონავირუსმა 52 ადამიანი იმსხვერპლა.
„სიკვდილიანობის შემცირება ქვეყანაში ერთ-ორ კვირაში დაიწყება. სამწუხაროდ, ის მაინც დარჩება რაღაც დონეზე, ვიდრე ქვეყანა სრულად არ იქნება ვაქცინირებული. ჩემი პროგნოზია, რომ სიკვდილიანობა შემცირდება მაშინ, როცა ვაქცინირებულთა რაოდენობა გადააჭარბებს 50%-ს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანა იქნება სრულად ვაქცინირებული, სიკვდილიანობის ყოველდღიური მაჩვენებელი არა 60 და 80, არამედ ხუთი ან ექვსი იქნებოდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო დრომდე ვაქცინაციის ტემპი არც ისე დაბალი იყო, მაგრამ ბოლო დღეებში ამ კუთხით შესამჩნევი უკუსვლაა. 17 სექტემბერს აიცრა 19.273 ადამიანი.
„ეს არის ძალიან ცოტა. დღეში გვჭირდება 40-50 ათასი ერთეული აცრა“, - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
18 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.629.582 აცრა. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 689.158 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 24.1%.