თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სპეციალისტებმა მდინარე არაგვიდან წყლის სინჯები აიღეს, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღებულ სინჯებში ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლები და მძიმე ლითონები სააგენტოს ლაბორატორიაში შემოწმდება. ანალიზის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყლის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით. სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორია აღიჭურვა ულტრათანამედროვე ხელსაწყო დანადგარებით, რისი საშუალებითაც გაფართოვდა მონიტორინგის სქელი და გაიზარდა განსასაზღვრი პარამეტრების რაოდენობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მდინარის წყლის სინჯები აღებულია მონიტორინგის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 18 სექტემბერს აღინიშნება. დღესასწაული 2003 წელს სუფთა წყლის ამერიკულმა ფონდმა (ACWF) დააარსა და იმ დროიდან ყოველწლიურად აღინიშნება. ან დღის ტრადიციული ღონისძიებაა - წყლის სინჯების აღება პლანეტის სხვადსხვა წყალსატევიდან, რაც მისი ხარისხის და ადამიანებისა და ცოცხალი ორგანიზმებისთვის უსაფრთხოების შეფასებას ემსახურება.
ბოლო წლებში ეს დღე იქცა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამად, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას პლანეტის წყლის რესურსების პრობლემებზე და მის ჩართვას წყლის რესურსების დაცვაში.