თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. თბილისში არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოჩნდა ოპოზიციის ანტირეკლამის შემცველი ბანერები, რასთან კავშირს მმართველ პარტიაში უარყოფენ.
ბანერებზე, რომლებიც ქუჩის სარეკლამო ფარებზეა გაკრული, თეთრ ფონზე სისხლიანი ლაქებით გამოსახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის მერობის კანდიდატი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია, კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის" და ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია, ოპოზიციური „მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და ტელეარხ „ტვ პირველის" წამყვანი ნოდარ მელაძე. ბანერი ხელმოწერილია სიტყვებით „არა „ნაცმოძრაობას“, არა ბოროტებას, არა ღალატს".
მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოში“ ბანერებთან კავშირს უარყოფენ, მაგრამ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ეს იდეა მოეწონა.
„ყველას აქვს ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება. ვიღაცას შეიძლება მოსწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება და ეს არის, როგორც ჩანს მადლიერი ხალხის საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე გამოირჩეოდა უსასტიკესი მეთოდებით“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, რომ გამოხატვის ასეთი ფორმა პოლარიზაციას ემსახურება, მაგრამ, მისი თქმით, იმავეს აკეთებენ ოპოზიციური ტელეარხები და მთლიანად ოპოზიცია.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ბანერების გაკვრაში ხელისუფლებაა გარეული.
„ეს არის სიძულვილის ენა, რაც არის ძალიან ჩვეული ხელისუფლებისთვის“, - განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა და ოპოზიციის ნაწილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ.
ბანერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გიორგი გახარიამაც, რომლისთვისაც ეს „ამორალურია“.
„ეს ის ამორალური კამპანიაა, რომელსაც „ოცნება“ საარჩევნოდ ატარებს. სამწუხაროდ, ეს ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. ეს ყველაფერი მორალს მიღმაა“, - განაცხადა გახარიამ.
სხვა პარტიებს უჩვეულო ბანერებთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, იდეის ერთ-ერთი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.
გაბრიაძემ დაადასტურა, რომ იდეა მას და მის მეგობრებს ეკუთვნით.