თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ფარული მოსმენების საქმის გამოძიების ფარგლებში დახმარებისთვის დასავლეთის ქვეყნებს მიმართა.
ორშაბათს ინტერნეტში გავრცელდა კერძო საუბრების სამი ათასი აუდიოჩანაწერის გაშიფრული ფაილები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება სასულიერო პირებს. ასევე ჩანაწერებში ფიგურირებენ ჟურნალისტები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, უცხოელი დიპლომატები და სახელმწიფო მოხელეები.
„სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მივმართეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს დასხვა ქვეყნებს გამოძიებით დადგენილ სერვერებზე მონაცემების შენახვის და გამოთხოვის მიზნით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურაში ასევე აცხადებენ, რომ გამოძიების ფარგლებში იკითხებიან მოწმეები, მათ შორის იმ მედიასაშუალებების წარმომადგენლები, რომელთაც მიიღეს შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ინფორმაციის თაობაზე.
პროკურატურამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს, გამოძიებას მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებისგან, რათა არ შეილახოს ფიზიკური და იურიდიული პირების, აგრეთვე სახელმწიფო ინტერესები.
საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირების ფარული თვალთვალის შესახებ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე აღიძრა. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.