Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი სვიმეონ გარეჯელი
ღირსი სვიმეონ გარეჯელი დაიბადა დაახ. 1700 წელს კახეთში. ცნობილია რომ იგი სიყრმიდან გარეჯის მონასტერში მოღვაწეობდა. ყოვლადპატიოსანი ღვთისკაცი მოხუცებულობამდე უბრალო მონაზონი იყო, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრად აირჩიეს.
სათნოებით და სიმდაბლით გამორჩეულ წმიდა მამას ღვთისგან სასწაულთქმედების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული.
ერთხელ ღირსი სვიმეონი ავად გახდა და გარდაიცვალა. ერთ საათზე მეტ ხანს იყო უსულოდ, შემდეგ კი, ღვთის განგებით, წამოდგა, ყველაფერი, რაც კი გააჩნდა, საკუთარი ხელით გაუყო მონასტრის მამებს და, ისედაც უპოვარმა, მთლიანად უარყო ამქვეყნიური საჭიროებანი.
როცა ეს ამბავი მამა სერაპიონმა (ხს. 24 აგვისტოს) გაიგო, სხვების დახმარებით მივიდა და ნახა წინამძღვარი სვიმეონი და, წინასწარმცნობელობის მადლით განათლებულმა, მანუგეშებელი ცრემლით უთხრა: „ჰოჲ, სასურველო მამაო, მომეცი შენი წმიდა ხელები, რათა ვეამბორო მათ, რადგან მსურდა შენი წმინდა ხელებით მივბარებოდი მიწას მე უვარგისი მტვერი, ახლა კი ჩემზე უწინ შენ მიდიხარ საუკუნო ცხოვრებაში. შენ წახვალ, მამაო, მაგრამ მეც შენს გარეშე აღარ დავრჩები აქ, არამედ ჩემი სული ჩქარა გმოყვება შენსას“. ასე, ნუგეშის ცრემლებით ეამბორნენ ერთმანეთს ნეტარი მამები უკანასკნელად. სვიმეონმა ერთ კვირაში კეთილად მოაწესრიგა მონასტრის საქმეები და 1773 წლის 4(17) სექტემბერს ზუსტად იმ დღის სწორს, როდესაც ერთი საათით იყო უსულოდ, მშვიდობით მიიცვალა - უფალს მიაბარა წმიდა სული. დასაფლავებულია გარეჯში.
მოსე წინასწარმეტყველი
წმიდა მოსე წინასწარმეტყველი ძვლ ებრაელთა სჯულმდებელი და წინასწარმეტყველი, განმათავისუფლებელი და ბელადი იყო. ის ცნობილია თავისი ხალხის ზებუნებრივი გამოყვანით მონობიდან ეგვიპტეში ჩ.წ.-მდე 13-ე საუკუნეში. მოსეს თანახმად, სამყარო 10 მცნებაზე არის დამოკიდებული. რომლებგანაც ადამიანის ქცევის საბაზისო წესები გამოდის.
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი
წმიდა მოწამენი: თეოდორე, მიანე, იულიანე და კიონი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს ცხოვრობდნენ და წარმოშობით სოფელ კანდაბლიდან (ნიკომიდიის მახლობლად) იყვნენ. ქრისტეს აღსარებისთვის ისინი დაატუსაღეს და აწამეს.
წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი
წმიდა ბაბილა ნიკომიდიელი და მასთან ოთხმეოცდა ოთხნი ყრმანი ქალაქ ნიკომიდიაში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისთვის უსჯულო მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას. როცა ნიკომიდიაში ჩასულმა იმპერატორმა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, სხვა ქრისტიანებთან ერთად მოძღვარი ბაბილაც დაასმინეს, რომელიც ბავშვებს მაცხოვრის სიყვარულითა და კეთილმსახურებით ზრდიდა. წმინდანს სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. ამის შემდეგ წმიდანის მოწაფეებიც წარადგინეს იმპერატორთან, მაგრამ ვერც ალერსიანმა შეგონებებმა, ვერც საჩუქრების აღთქმამ ვერ შეარყია ყრმების სარწმუნოება. გააფთრებულმა თვითმპყრობელმა ბრძანა, ყველანი მოძღვართან ერთად თავების მოკვეთით დაესაჯათ.
წმიდა მოწამე ერმიონია
წმიდა მოწამე ერმიონია წმიდა მოციქულ ფილიპეს ასული იყო.
სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.
სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმავალ იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მიჰგვარეს წმინდა ერმონია, როგორც ქრისტიანი და მამაპაპათა სჯულის უარმყოფელი. იმპერატორი თავდაპირველად ალერსიანი შეგონებებით შეეცადა ნეტარის გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ, როცა ვერაფერს გახდა, მისი წამების განკარგულება გასცა.
ერმიონია სიხარულით ითმენდა სატანჯველს. ტრაიანე მალე დარწმუნდა, რომ წმიდანის მოდრეკა შეუძლებელი იყო და გაათავისუფლა უფლის რჩეული.
იმპერატორ ტრაიანეს მემკვიდრემ, ადრიანემ (117-138) ბრძანა, ქრისტეს აღსარებისთვის კვლავ სამსჯავროზე წარედგინათ ნეტარი. წმინდანი ჯერ სასტიკად აწამეს, ხოლო როცა შემდეგ მეფემ განკარგულება გასცა, ქალაქგარეთ გაეყვანათ მოწამე და თავი მოეკვეთათ. განაჩენის აღსრულება ორ მსახურს - თეოდულეს და ტიმოთეს დაევალა. გზაში მათ დააპირეს, ძალა ეხმარათ უფლის რჩეულზე, მაგრამ, როგორც კი ეს ბილწი აზრი თავში გაივლეს, ხელები შეახმათ. მაშინ, შეშინებულებმა, ირწმუნეს ქრისტე და სინანულით ფეხებში ჩაუვარდნენ ერმიონიას. ჯალათები წმიდანს ევედრებოდნენ, ეთხოვა ღვთისთვის, რომ ისინი მასზე ადრე გაეყვანა ამსოფლიდან, რაც მარტვილის მეოხებით აღსრულდა კიდეც. ამის შემდეგ თავად ერმიონიამაც ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 117 წელს).
წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი
წმიდა მღვდელმთავარი იოასაფ ბელგოროდელი (ერობაში _ იოაკიმე) გორლენკოვების დიდებული გვარის ჩამომავალი იყო. იგი დაიბადა პრილუკიში, ყოფილ პოლტავის გუბერნიაში 1705 წლის 8 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე. წმიდანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი გზა და მალე აღიკვეცა კიდეც ბერად. 1728 წელს წმიდანი ბერ-დიაკვნად აკურთხეს, 1734 წელს - მღვდელ-მონაზვნად, 1748 წლის 2 ივნისს კი ბელგოროდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. 1754 წლის 10 დეკემბერს სიწმინდით გაბრწყინებულმა იოასაფ ბელგოროდელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.