თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რუსმა სენატორმა ალექსეი პუშკოვმა ირონიულად შეაფასა აშშ-ის განცხადება იმის შესახებ, რომ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი AUKUS სხვა ქვეყნების და, უპირველეს ყოვლისა, ჩინეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული, იუწყება РИА Новости.
AUKUS – ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული სამმხრივი თავდაცვითი ალიანსია. პაქტი ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვითი ტექნოლოგიების შექმნაში, მათ შორის, შეიარაღების ატომური სისტემების შექმნას ხელოვნური ინტელექტის, კვანტური ტექნოლოგიებისა და გამომთვლელი ტექნიკის საფუძველზე.
„რასაკვირველია! ეს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების ქვეყნებში რბილი სათამაშოების მიწოდების ფორმატია“, – იხუმრა პუშკოვმა Twitter-ზე.
ახალი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში ავსტრალია პირველად მიიღებს ატომური წყალქვეშა ნავების მშენებლობის შესაძლებლობას.
ქვეყნებმა ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განუხრელად ისწრაფვიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში ლიდერობის შენარჩუნებისკენ. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ კრემლში ყურადღებით სწავლობენ ინფორმაციას ავსტრალიის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის შესახებ, რათა შეიმუშაონ პოზიცია, რისთვისაც საჭიროა გაერთიანების მიზნებისა და ამოცანების გაგება. ჯერჯერობით კი ინფორმაცია მწირია.