პარლამენტი ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატს ისევ შეუჩერებს?

როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, მმართველმა პარტიამ პროცესის ფორსირება სპეციალურად არჩევნების წინ მოახდინა.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვას იწყებს.
დეპუტატები აღნიშნულ საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, რის შემდეგადაც საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.
ივლისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ანულირებულად გამოაცხადა შარლ მიშელის შეთანხმება, მელიამ სადეპუტატო მანდატზე უარი განაცხადა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ პროცესის ფორსირება სპეციალურად არჩევნების წინ მოახდინა.

„მათ რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ, ისინი კი არ გავიდნენ, არამედ დაარღვიეს შეთანხმება. და სწორედ ამ შეთანხმების დარღვევის გამო პროტესტის ნიშნად მელიამ პარლამენტი დატოვა. ახლა მის საკითხს დაჩქარებული წესით განიხილავენ... მათ მელიას იმუნიტეტის გარეშე დატოვება სურთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

მმართველ პარტიაში, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი რეგლამენტის შესაბამისად განიხილება.
„მინდა ბატონ რომან გოცირიძეს მივმართო თხოვნით, წაიკითხოს რეგლამენტის შესაბამისი მუხლი და ამასთანავე წაიკითხოს ნიკა მელიას განცხადებაც. თავის დროზე ჩვენ განვიხილეთ ოპოზიციონერების განცხადებები მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და იგი არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება დღევანდელ საკითხს, იგი დაკავშირებულია მელიას მიერ რამდენიმე დღის წინ დაწერილ განცხადებასთან“, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
ნიკა მელია ამნისტიაზე უარს აცხადებს
მეათე მოწვევის პარლამენტმა მელიას მიმდინარე წლის დასაწყისში სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა, რის შემდეგაც, 23 თებერვალს მელია „გავრილოვის ღამედ" წოდებული საპროტესტო აქციის დროს მასობრივი ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
ამისთვის ხელისუფლებამ მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მაისის დასაწყისში მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.
მელიას 2019 წლის დეკემბერში სადეპუტატო ხელშეუხებლობა მეცხრე მოწვევის პარლამენტმაც მოუხსნა, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში დამნაშავედ ცნო.
მელია დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.