თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. კომპანია Jonson&Jonson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საქართველოში შემოტანა ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
ამერიკული კონცერნის Johnson&Johnson/Janssen მიერ შექმნილი პრეპარატი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ უსაფრთხოდ და ეფექტურად არის მიჩნეული COVID-19-თან დაკავშირებული სერიოზული რისკების დაცვის უზრუნველყოფის მხრივ – გარდაცვალების, ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების მძიმედ განვითარების ჩათვლით.
„Jonson&Jonson-ის ვაქცინა უნდა შემოვიდეს არაუგვიანეს ოქტომბრის ბოლოს. მაგრამ ეს იმდენად მცირე რაოდენობაა, რომ არა მგონია ამან მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ვაქცინაციის პროცესზე. სულ 50.000 დოზაზეა საუბარი, რაც 50.000 ვაქცინირებულ ადამიანს უდრის. ამ ვაქცინას გააჩნია დიდი კომფორტი, რაც ერთჯერადად ვაქცინირებას გულისხმობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
Janssen-ის პრეპარატი მოწონებულია ევროკავშირისა და ევროკომისიის პროფილური უწყებების მიერ, ნებადართულია მისი გამოყენება აშშ-ის ტერიტორიაზეც. ვაქცინამ გაიარა ევროპის წამლის სააგენტოს (EMEA) და აშშ-ის პროდუქტებისა და წამლების კონტროლის სამმართველოს ექსპერტიზა.
ამასთან, სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით, იმუნიტეტისთვის საკმარისია J&J-ის მხოლოდ ერთი ინექციის გაკეთება.
კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ J&J-ის ვაქცინა ერთნაირად ეფექტურია როგორც ასაკოვანი ადამიანების, ისე ახალგაზრდების მიმართ. ამ პრეპარატით ვაქცინაციის შემდეგ არ დაფიქსირებულა ადამიანის გარდაცვალების ან ჰოსპიტალიზაციის შემთხვევა.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია ვაქცინები: Sinopharm, Sinovac, Pfizer, AstraZeneca.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის ჩატარებულია 1.610.309 აცრა, აქედან ორივე დოზით აცრილია 675.215 ადამიანი.