COVID-19 - ბოლო ცნობები

გამყრელიძე სამედიცინო პერსონალს შორის ვაქცინაციის მაჩვენებლით უკმაყოფილოა

საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. 13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ექიმების 58% სრულად, 76% კი ერთჯერადად არის აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მთავარი ეპიდემიოლოგის აზრით, სამედიცინო პერსონალისა და მასწავლებლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო, ვინაიდან მათ საქმე აქვთ მოსახლეობასთან, მომავალ თაობასთან და მათ ჯანმრთელობასთან.

„შედარებით ნაკლები, 50%-ის ფარგლებში არიან ექთნები და კიდევ შედარებით უფრო ნაკლებია აცრების მაჩვენებელი უმცროს სამედიცინო პერსონალში, სადღაც 35%. 50%-მდეა სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი. პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო.
COVID-19 - ბოლო ცნობები
დასაშვებია თუ არა კოვიდ-საწინააღმდეგო და გრიპის ვაქცინის ერთად გაკეთება
17 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1.610.309 აცრა. ამ ეტაპზე სულ მცირე ერთი დოზით აცრილია 935.094 ადამიანი, ანუ ზრდასრული მოსახლეობის 32,7%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 675.215 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 23,6%. ბოლო 24 საათში აიცრა 19.148 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში დაფიქსირდა 591 ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, 556 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.446 ადამიანი.