თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. კახა კალაძის თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ჩვენი მიზანი იქნება, რომ თბილისი პარკების ქალაქად ვაქციოთ, განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ ანდრია ბასილაიამ გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე.
ბასილაიას თქმით, ახალი პარკები დედაქალაქში არსებულ პრობლემურ ადგილებში შეიქმნება.
ბასილაიამ პრეზენტაციაზე ცხრა ახალი პარკის პროექტი წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, კრწანისის რაიონში მოეწყობა გორგასლის ბულვარი. პროექტის ფარგლებში მიწის ქვეშ ჩავა საავტომობილო გზა, გაკეთდება კომერციული სივრცეები, ბულვარის მთავარი ხერხემალი კი ერთიანი რეკრეაციული სივრცე იქნება.
„დიღმის ჭალებში სხვადასხვა სამშენებლო დანაგვიანებაა, ეკოლოგიური პრობლემებია. ამ პროექტის განხორციელების შედეგად დიღმის ჭალები გადარჩება და მოეწყობა ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე. რაც შეეხება ზღვის უბნის პარკს, ეს არის პირველი ახალი სივრცე, რომლის მოწყობაც ჩვენმა გუნდმა დაიწყო... დაახლოებით ერთ წელიწადში ის დამთავრდება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
მერის მოადგილის ინფორმაციით, ორი მნიშვნელოვანი საპარკე არეალია აგრეთვე ვაზისუბნის პარკი და თბილისის ზღვის ბულვარი.
„კარგი პროექტი გამოვა ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკიც. მოგახსენებთ თბილისის ცენტრალურ პარკზეც, სადაც უკვე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. შედეგად – ქალაქის შუაგულში საერთაშორისო სტანდარტების მქონე პარკი მოეწყობა. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ დავიწყეთ გლდანის პატარა ტბის პროექტი, თუმცა მალე ის სრულად მოეწყობა. ასევე განხორციელდება ავჭალის პარკის პროექტიც“, – აღნიშნა ბასილაიამ.
მისი ინფორმაციით, დედაქალაქში დარჩენილია ექვსი პარკი, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. მან ასევე ისაუბრა დენდროლოგიური პარკის პროექტზე, რომლის პროექტირება უკვე დასრულდა და მომავალ წელს სამუშაოები დაიწყება.
„რაც შეეხება ციციშვილის პარკს, ძნელია ამ ადგილს ახლა პარკი უწოდო. ეს შიდა კვარტალური ერთიანი სივრცეა (ვაჟა-ფშაველას კვარტლებში – რედ.) და მისი რეაბილიტაციის შედეგად ძალიან კარგი პარკი მოეწყობა. ვერის პარკი – ყველასთვის ისტორიულად მნიშვნელოვანი არეალია, კონკურსი გამოცხადებულია და მომავალ წელს დაიწყება კონკრეტული სამუშაოები. იგივე ითქმის სარაჯიშვილის ბულვარზეც, სამგორის პარკზეც, ამ ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხდა ბასილაიამ.
მანამდე, როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, 2017 წლის არჩევნებიდან მოყოლებული პრიორიტეტი თბილისში არსებული რეკრეაციული ზონების მოწყობა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ თბილისი უახლოეს მომავალში გამორჩეული, ერთ-ერთი თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე ქალაქი გახდება, სადაც განვითარება და აღმშენებლობა უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების მიხედვით გაგრძელდება.