„მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში განვითარებულ ინციდენტს იხსენებს

დაშავებული ოპერატორი თავიდან ქარელში, კლინიკა „ევექსში“, შემდეგ კი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადმოიყვანეს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორი ლევან აბლოთია კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ გაეწერა.
ექიმების თქმით, აბლოთიას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მკურნალობას სახლის პირობებში გააგრძელებს.
გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„აივანზე ვიყავით, ისინი („ქართული ოცნების" შტაბის წევრები) შიგნით იყვნენ, შუქიც ჩააქრეს და შემდეგ, როცა მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, გამოვარდა ოთხი–ხუთი ადამიანი. ისინი კამერის წართმევას ცდილობდნენ და ვარიდებდი თავს. უკან ვიხევდი, დისტანცია რომ დამეჭირა იმ აგრესორ ადამიანსა და ჩემ შორის. მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი", – განაცხადა ლევან აბლოთიამ ჟურნალისტებთან.

გუშინ, საღამოს ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი ლევან აბლოთია ქარელში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ფაქტს წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. მმართველი პარტიის ოფისში კი განაცხადეს, რომ ურთიერთშელაპარაკების დროს ოპერატორი შემთხვევით კიბეებზე დაგორდა.
გვარამიას განცხადებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბინძური სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ ოპერატორსა და შტაბის წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ოპერატორი შემთხვევით გადავარდა.
გადავარდა თუ გადააგდეს ლევან აბლოთია: ქარელში მომხდარი ინციდენტის მდინარაძის ვერსია
„მას შემდეგ, რაც ისინი გამოაძევეს შტაბიდან, სადაც მართლაც იყო გარკვეული კამათი და სიტყვიერი დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის, „მთავარი არხის“ ოპერატორი უკანსვლით ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც ე.წ. ტერასაზე ის წამოედო მოაჯირს, გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან“, – განაცხადა გუშინ მამუკა მდინარაძემ.
დაშავებული ოპერატორი თავიდან ქარელში, კლინიკა „ევექსში“, შემდეგ კი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით თბილისში „ნიუ ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
შემთხვევის დროს დაზიანდა ტექნიკა, რის გამოც ფაქტის ამსახველი სრული ვიდეომასალა არ არსებობს.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.