თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს, დარწმუნებულია მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია.
„სააკაშვილი არის იმ პარტიის ლიდერი, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არის მეორე ადგილზე. იგი საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს, თუმცა აქედანვე გპირდებით, რომ იგი ვერ გაბედავს საქართველოში დაბრუნებას. მას ამის ეშინია... ვნახოთ 2 ოქტომბრამდე...“ – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება დღეს საერთოდ არაა აქტუალური.
მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ სააკაშვილი საკუთარ ამომრჩეველს ისევ ატყუებს და სინამდვილეში სამშობლოში დაბრუნებას არ გეგმავს. ხოლო თუ იგი მაინც დაბრუნდება, პრემიერმა პირდაპირ აეროპორტში მისი დაკავების პირობა დადო.