თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. დღეს ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი 22 წლის ნიკა კვარაცხელიაა, ის ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სისხლიანი გარჩევა, რომლის დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი დაიჭრა, დაახლოებით ორი საათის წინ ანჯაფარიძის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირმა 22 წლის ახალგაზრდის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცხრა გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა.
რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ნიკა კვარაცხელიას ორი ტყვია გულ- მკერდის არეში აქვს მოხვედრილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, სროლას წინ დაპირისპირება უძღოდა. კვარაცხელიამ დაჭრამდე გაქცევა სცადა, მაგრამ მას დაედევნნენ და ავტომობილთან დაჭრეს.
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა ამ ეტაპზე ძალიან მძიმეა და ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. პაციენტს მუცლის, გულმკერდის, ზურგის არეში მრავლობითი ჭრილობები ცეცხსასროლი იარაღით აქვს მიყენებული, დაზიანებულია შინაგანი ორგანოებიც. მას ოპერაცია გაუკეთდა და ის უკვე გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა იტალიაში მცხოვრები ქართველი „კანონიერი ქურდის“, გია კვარაცხელიას შვილია.
ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.