თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამხედრო წვრთნებში „გაერთიანებული ძალისხმევა - 2021“ და სამეთაურო-საშტაბო წვრთნაში Rapid Trident – 2021, რომლებიც უკრაინაში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. ინფორმაცია Sputnik-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
„ვადასტურებ, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს ორივე წვრთნაში მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს“, - აღნიშნა პრესცენტრის წარმომადგენელმა.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები.
უკრაინული მასმედიის მონაცემებით, წვრთნა „გაერთიანებული ძალისხმევა - 2021“ 22 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე გაიმართება. ჩატარების ადგილი - შავი და აზოვის ზღვების ძირითადი სამხედრო პოლიგონები და აკვატორიებია.
სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო წვრთნები სამ ეტაპად გაიმართება. პირველ და მეორე ეტაპებზე დაამუშავებენ სახელმწიფოს თავდაცვის ძალების მართვის საკითხებს შეიარაღებული აგრესიის მოგერიებისას.
მესამე ეტაპზე იგეგმება საჯარისო დაჯგუფებების მართვის ელემენტების დამუშავება ოპერაციების მსვლელობისას, რომელშიც ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების შემადგენლობიდან მრავალეროვნული ქვედანაყოფები მიიღებენ მონაწილეობას.
სამეთაურო-საშტაბო წვრთნა Rapid Trident – 2021 20 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება.