რატომ ჩაირიცხებიან უნივერსიტეტში უგამოცდოდ სპორტსმენები: განათლების უწყების განმარტება

ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონები და პრიზიორები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, მათ შორის, შშმ პირთა შორის გამარჯვებულები სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხებიან. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
სურვილის შემთხვევაში, აღნიშნული ტურნირების ოქროს მედლის მფლობელებს შესაძლებლობა ეძლევათ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩაირიცხონ. აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება „ტოკიო 2020“-ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებსაც.
ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო სპორტსმენებისადმი უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას გამოხატავს, აღნიშნავენ უწყებაში.
სწავლის მსურველებმა განათლების სამინისტროს განცხადებით უნდა მიმართონ და თან დაურთონ სათანადო დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ატესტატი, გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე.