„ბილაინმა“ სააკაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

აბონენტების მონაცემების დაცვა „ბილაინის“ არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ მუშაობის პრინციპია, აცხადებენ კომპანიაში.
Sputnik
თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. მობილური კავშირის ოპერატორმა „ბილაინმა“ უარყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანია თავისი აბონენტების მონაცემებს მესამე პირებს გადასცემს.
„განცხადება, თითქოს „ბილაინი“ რომელიმე პოლიტიკურ ან სხვა ნებისმიერ სუბიექტს გადაცემს აბონენტთა მონაცემებს, სრული სიცრუეა, მით უმეტეს, რომ, როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრი კერძო კომპანია, ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ პოლიტიკურ აქტივობას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ „აბონენტთა მონაცემების დაცვა „ბილაინის“, როგორც ტელეკომის ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიის არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ - პრინციპია, რისთვისაც „ბილაინი“ მნიშვნელოვან ხარჯსაც იღებს“.
„ბილაინს“ საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ „რუსულმა კომპანია „ბილაინმა“ თავისი ქართული ფილიალიდან აბონენტების მთელი სია მისცა გახარიას პარტიას“.

მისივე განცხადებით, დღეისათვის ამ კომპანიას მთლიანად აკონტროლებს რუსული ФСБ (უშიშროების ფედერალური სამსახური).
კერძო კომპანია „ბილაინი“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ის წევრია.
Veon Ltd. აერთიანებს ოპერატორებს, რომლებიც მომსახურებას აწვდიან რუსეთის, პაკისტანის, ალჟირის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, სომხეთის, საქართველოს, უკრაინის მოსახლეობას. უმსხვილესი აქციონერია მიხეილ ფრიდმანის LetterOne (47,9%).
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაცემებით, საქართველოში Beeline Georgia-ს მობილური კავშირის ადგილობრივი ბაზრის 26% უჭირავს.