თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. გამომძიებელ ევგენია შიშკინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ივან კოჩეტკოვი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, იუწყება РИА Новости რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
კოჩეტკოვმა მას შემდეგ დატოვა საპატიმრო, რაც საქართველოში წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა (ცხრა თვე) ამოიწურა.
„ქართული კომპეტენტური ორგანოების ინფორმაციით, ამ დროისათვის ი. კოჩეტკოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო. მისი ექსტრადიციის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს პროკურატურაში განხილვის პროცესშია“, – აღნიშნეს რუსეთის გენპროკურატურაში.
ადრე საქართველოდან რუსეთში საქმის მთავარი ფიგურანტის – IT-სპეციალისტის იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა.
მკვლელობა შურისძიების მიზნით
იუსტიციის პოდპოლკოვნიკი ევგენია შიშკინა რუსეთის შსს-ს ტრანსპორტის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის თანამდებობაზე მსახურობდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვერსიით, სუმბაევმა მისი მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთა: შიშკინა იძიებდა 2013-2014 წლებში რუსეთის რკინიგზისა და S7 ავიაკომპანიის 17 მლნ რუბლის ღირებულების ბილეთების ფიქტიურად დაბრუნების საქმეს, რომელშიც ბრალდებულად სუმბაევი ფიგურირებდა.
კოჩეტკოვი საქართველოში 2020 წლის მაისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ივან კოჩეტკოვმა 2018 წლის იანვარში იაროსლავ სუმბაევის მითითებით ცეცხლი წაუკიდა ევგენია შიშკინას ავტომობილს დაშინების მიზნით, რათა ამ უკანასკნელს შეეწყვიტა სუმბაევის სისხლის სამართლებრივი დევნა. ამის შემდეგ ერთ-ერთ მესენჯერში იგი უგზავნიდა გამომძიებელს მუქარის შემცველ ტექსტურ შეტყობინებებს.
სუმბაევმა გადაწყვიტა შიშკინას მკვლელობის ორგანიზება და კოჩეტკოვს გამომძიებელზე ინფორმაციის შეგროვება დაავალა. მან შეიმუშავა ასევე დანაშაულის ადგილიდან მკვლელის მიმალვის გეგმა. ამასთან, სუმბაევმა საქმეში ჩართო არასრულწლოვანი, მან კი, თავის მხრივ, საკუთარი ნაცნობი აბდულაზიზ აბდულაზიზოვი, რომელმაც 2018 წლის 10 ოქტომბერს არხანგელსკში ორჯერ ესროლა ევგენია შიშკინას თვითნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რის შედეგადაც გამომძიებელი გარდაიცვალა.