თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზაციაში, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნებისთვის დაფუძნდა, ამ დროისათვის უკვე 41 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული, განაცხადა ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა და სახალხო მოძრაობის ინიციატორმა თაკო ჩარკვიანმა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია. ამასთან, აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.
ამის შემდეგ თაკო ჩარკვიანმა სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ განაცხადა.
„სააკაშვილის სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნების მოძრაობა სულ ახლახან გაჩნდა. მასში დარეგისტრირება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
დეპუტატის თქმით, სააკაშვილის რანგის პოლიტიკოსის დევნა არასწორია.
„ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი რეფორმები არ გაუტარებია, მაგრამ ააშენა სახელმწიფო, სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს. ჩვენ ვამზადებთ წერილს, რომელიც მიეწოდება დასავლურ ინსტიტუციებს, დიპლომატიურ კორპუსს, საელჩოებს, რათა მათ გაიგონ, რომ შეიქმნა მოძრაობა, რომელშიც ამდენი ადამიანი გაწევრიანდა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.