COVID-19 - ბოლო ცნობები

ჯანდაცვის ექსპერტი: პოსტკოვიდური სინდრომი მოსახლეობას დააზარალებს

გავრცელებული ინფორმაციით, სუნთქვის, თირკმლის და გულის უკმარისობა – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რითიც კოვიდ-გადატანილი პაციენტები კლინიკებში ბრუნდებიან.
Sputnik
თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. პოსტკოვიდურ სინდრომს მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან უცნობია, რა დაავადებების პროვოცირება შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ორგანიზმში, განაცხადა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ.
მისი თქმით, პოსტკოვიდურ სინდრომთან დაკავშირებით, შესაძლოა, გარკვეული პროტოკოლები და გაიდლაინები მომზადდეს.

„პოსტკოვიდური სინდრომი ერთ-ერთი სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობა იქნება, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ამ დროისათვის გამოკვეთილია ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები, თირკმლის მწვავე უკმარისობები“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

პოსტკოვიდური სინდრომი მსოფლიო მედიკოსთა ახალი გამოწვევაა. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, დაკვირვების შედეგად დადგინდა, რომ პოსტკოვიდური სინდრომი უმეტესად იმ პაციენტებს ემართებათ, ვინც ვირუსი მძიმე ფორმებში გადაიტანა. ხშირად მათი ხელახალი ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო.
ზიანი თუ სარგებელი: საჭიროა თუ არა სუფთა ჟანგბადის სუნთქვა პოსტკოვიდური სინდრომისას?
საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების ე.წ. პოსტკოვიდური კვლევა მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებს შესაძლებლობა მიეცათ დაედგინათ კოვიდ-გადატანილი პაციენტების რა ნაწილს უვითარდება პოსტკოვიდური სინდრომი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისათვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 585 ათასზე მეტია, გამოჯანმრთელდა 548 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 8.287 პაციენტი.