თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარიის „აიცერი და მოიგე“ პირველი გამარჯვებული 14 სექტემბერს გამოვლინდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, მონაცემები ყოველდღიურად განახლდება. გამარჯვებული შეიძლება გახდეს ისიც, ვინც მხოლოდ ერთი დოზითაა აცრილი.
„პირველი გამარჯვებული გამოვლინდება ხვალ. ეს მოხდება 12:00 საათზე და პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12:00 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას“,- აღნიშნა ღიბრაძემ.
ლატარიის კომპანია ყოველდღე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაათამაშებს თანხას აცრილ მოქალაქეებს შორის. საერთო საპრიზო ფონდი 2.800.000 ლარს შეადგენს.
ლატარიის კომპანიას ექნება წვდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზასთან, სადაც იდენტიფიცირებულია მოქალაქე, რომელიც ერთი და ორი დოზითაა აცრილი.