COVID-19 - ბოლო ცნობები

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა

თბილისის, ბათუმის, რუსთავის, ქუთაისისა და ზუგდიდის ქუჩებში გამოჩნდნენ ავტობუსები და მიკროავტობუსები, დედაქალაქში ამუშავდა მეტრო.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხუთ დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ორშაბათს, 13 სექტემბერს მუშაობა განაახლა.
ამგვარი გადაწყვეტილება უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 სექტემბრის სხდომაზე მიიღო.
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კალაძე: საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება მკაცრად გაკონტროლდება
თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.
თბილისის მერიის პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ტრანსპორტში მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის რეჟიმი.
თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი შემცირდება, ასევე აქტიურად ჩატარდება მატარებლების ვაგონების, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია.