COVID-19 - ბოლო ცნობები

ცნობა ვაქცინაციის შესახებ ან PCR–ტესტი: სამედიცინო უნივერსიტეტებისთვის წესები დადგინდა

საქართველოში ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სტუდენტებს შორისაა – 138 ათასიდან აცრა მხოლოდ 17%-ს აქვს გაკეთებული.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში პრაქტიკულ ნაწილს არადისტანციურ რეჟიმში გადიან, ვალდებული არიან წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი, რომლის გაკეთებაც მათ კვირაში ერთხელ საკუთარი ხარჯით მოუწევთ.
თუმცა, სტუდენტებს პრაქტიკულ მეცადინეობებზე იმ შემთხვევაშიც დაუშვებენ, თუ ისინი წარმოადგენენ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის შესახებ ცნობას.
თბილისის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო უნივერსიტეტების სტუდენტები ნაწილობრივ დისტანციური რეჟიმით ისწავლიან. ისინი უნივერსიტეტებში პრაქტიკულ, ლაბარატორიულ და კლინიკურ მეცადინეობებს დაესწრებიან. რაც შეეხება თეორიულ ლექციებს, ისინი მათ 4 ოქტომბრამდე ონლაინ–რეჟიმში გაივლიან.
საქართველოში დაახლოებით 138 ათასი სტუდენტია და, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, მათ შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შორის ვაქცინაციის მაჩვენებელი 17%-ს აღწევს. კორონავირუსი სტუდენტების 9,5%-ს აქვს გადატანილი.
სასწავლო წელს ონლაინ–რეჟიმში იწყებენ სკოლის მოსწავლეებიც – დისტანციური სწავლება ქვეყანაში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ე.წ. ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, სწავლა კლასებსა და აუდიტორებში დასწრებულ ფორმატში განახლდება, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ეს მაჩვენებელი 4%-ზე მაღალი იქნება, სწავლა დისტანციურად წარიმართება.