თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. დღევანდელი მონაცემებით, კახეთში 91 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც თითქმის 3-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
უწყების ცნობით, ყურძნის დღიური გადამუშავება 10 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს, რომ რთველი პიკურ ფაზაში შედის.
კახეთში მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 80 მლნ-მდე ლარის შემოსავალი უკვე მიიღეს. გადამუშავებული ყურძნიდან 54 ათას ტონამდე „რქაწითელია“, 30,5 ათას ტონამდე „საფერავი“, 2,4 ათას ტონამდე „კახური მწვანე“ და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
ამ ეტაპზე მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.
წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდება. სახელმწიფოს გეგმებში 300 ათას ტონამდე ყურძნის გადამუშავებაა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის რთველის მხარდასაჭერად, სუბსიდირების პროგრამა მოქმდებს. პროგრამის მიზანია, პანდემიით გამოწვეული ვითარება უარყოფითად არ აისახოს მევენახე ფერმერებზე და ღვინის მწარმოებლებზე, სრულად დაბინავდეს ყურძნის მოსავალი.
რთველი 2021-ის ფარგლებში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა „რქაწითელის“ ან „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,90 ლარს გადაუხდის.
წელს სუბსიდირებაზე 100 მლნ ლარია გამოყოფილი.
2020 წელს დაიკრიფა და გადამუშავდა 280 ათას ტონამდე ყურძენი, რაც საქართველოს ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია. ყურძენი ჩააბარა 25 ათასზე მეტმა ფერმერმა, მათმა შემოსავალმა 310 მილიონ ლარამდე შეადგინა.