თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია შენარჩუნდება, 4 ოქტომბრიდან საბავშვო გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საბავშვო გასართობმა ცენტრებმა ფუნქციონირება 14 გვისტოდან შეწყვიტეს.
ღიბრაძის განმარტებით, ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შემსუბუქება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. საქართველოში აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ფესტივალები, კონცერტები, სპორტული ღონისძიებები, დაიკეტა საბავშვო გასართობი ცენტრები. კვების ობიექტები, 00:00 საათის ნაცვლად, 22:00 საათამდე მუშაობენ.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვა დღეს გაუქმდა. თავდაპირველი გადაწყვეტილებით მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით შეზღუდვა 4 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო ძალაში, მაგრამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო ვადა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდა.