თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა ვაქცინაცია ჩაუტარდეს 12-დან 16 წლამდე არა ყველა მოზარდს, არამედ მხოლოდ რისკ-ჯგუფში შემავალ პირებს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.
მისი თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭო პრეპარატ Pfizer-ით მოზარდების ვაქცინაციის საკითხზე მსჯელობს და უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ვაქცინაციის ასაკობრივი ზღვარი დაიწევს თუ არა.
„სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით ავწონ-დავწონით ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციას, თუ რა სახის რეკომენდაციები აქვთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს. იმუნიზაციის საბჭო გადაწყვეტილებას ამის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ქართველმა მედიკოსებმა თანმხლები დაავადებების მქონე 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაზე ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, აუცილებელია ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდების ვაქცინაცია. იმ მოზარდებისთვის კი, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადება და არანაირი პათოლოგია არ აღენიშნებათ, ვაქცინაცია ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი.
საქართველოში უკვე შეიქმნა პრეცედენტი, როდესაც ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 16 წლამდე მოზარდებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩაიტარეს.
როგორც გასულ კვირაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციასთან დაკავშირებით დამატებითი მტკიცებულებებია საჭირო, რათა საბოლოო რეკომენდაციები ჩამოყალიბდეს.
12 წელს ზემოთ მოზარდებისთვის ვაქცინაცია იმ ქვეყნებში, სადაც ეს პროცესი უკვე დაიწყო, ტარდება Pfizer-ის და Moderna-ს ვაქცინებით. ასევე ჩინეთში აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენების ავტორიზაცია მიიღო Sinopharm-ის ვაქცინამ. საქართველო მოზარდების ვაქცინაციის საკითხთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საბოლოო რეკომენდაციას ელოდება.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური“ შტამის გავრცელებას უკავშირდება, რომელიც ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადვილად ვრცელდება.
ქვეყაბაში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ ჩინური წარმოების Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა მიიღო. პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის ივლისში იქნა მიღებული. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით AstraZeneca-ს არჩევაც შეუძლიათ.