COVID-19 - ბოლო ცნობები

დისტანციურად მუშაობის რეკომენდაცია კვლავ ძალაშია

საკოორდინაციო საბჭო საჯარო სამსახურებსა და კერძო სექტორს მოუწოდებს, თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმში ამუშაონ.
Sputnik
თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საკოორდინაციო საბჭო კერძო სექტორს მუშაობის დისტანციური რეჟიმის შენარჩუნებას ურჩევს. ამ რეკომენდაციის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში მაქსიმალურად რჩება დისტანციური სამუშაო რეჟიმი და ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს საბჭო კერძო სექტორსაც“, – განაცხადა ღიბრაძემ.

ამას გარდა ღიბრაძემ ისაუბრა კოვიდ-ინფექციის გავრცელების კუთხით მოსახლეობის სტატუსის განსაზღვრაზე. მისი ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ ე.წ. COVID Pass-ის აპლიკაცია შექმნა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. ის მოქალაქის კოვიდ-სტატუსის იდენტიფიცირებას სპეციალური QR-კოდით მოახდენს, ხოლო პერსონალური ინფორმაცია სრულად დაცული იქნება.
აპლიკაციაში ასახული იქნება როგორც ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის შესახებ ინფორმაცია, ასევე 24 საათის განმავლობაში ე.წ. სწრაფი ტესტის შედეგიც და აგრეთვე ინფორმაცია მოქალაქის ვაქცინაციის ან ბოლო 6 თვეში გადატანილი კოვიდ-ინფექციის შესახებ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
გიორგი ღიბრაძე: არაფერი შეცვლილა, ტესტირება განსაზღვრული სამიზნე ჯგუფებისთვის უფასოა
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და დაკავშირებულია „დელტა“ შტამის გავრცელებასთან. ახალი შტამი განსაკუთრებით აგრესიული ბავშვებისა და ორსულების მიმართ გამოდგა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 946-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 581.815-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 545.961 ადამიანი, გარდაიცვალა – 8.233.
ამ დროისთვის სულ ჩატარებულია 1.507.986 აცრა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.