თბილისი, 12 სექრემბერი – Sputnik. შოკოლადის მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანიამ Camille Bloch გადაწყვიტა საქართველოში მოიყვანოს თხილი, შემდეგ კი ის თავისი განთქმული შოკოლადის წარმოებაში გამოიყენოს, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
კომპანიამ კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 40 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 50 ჰა მიწის ფართობზე ინოვაციური ტექნოლოგიით თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. კომპანია თხილის პირველ მოსავალს 2025 წლისთვის ელოდება.
როგორც აღინიშნა, კომპანია საქართველოში მაღალი ხარისხის თხილის წარმოების პერსპექტივით დაინტერესდა.
საქართველო პირველი ქვეყანაა თავად შვეიცარიის გარდა, სადაც Camille Bloch-მა ინვესტიციების დაბანდება გადაწყვიტა (კომპანია ასევე თანამშრომლობს განასთან, მაგრამ იქ მხოლოდ მზა ნედლეულს - კაკაოს მარცვლებს ყიდულობს).
მოლაპარაკებები თხილის პლანტაციის და გადამამუშავებელი კომპანიის შესახებ Camille Bloch-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. შეთანხმების მიღწევა 2020 წელს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მოხერხდა, როდესაც კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ დანიელ ბლოხსა და მაშინდელ პრემიერ გიორგი გახარიას შორის შეხვედრა გაიმართა.
კომპანია საქართველოში გამოჩნდა 2020 წელს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით. ცნობილი გახდა, რომ კომპანია კახეთში 650 ჰექტარზე თხილის პლანტაციის გაშენებას გეგმავს და იქვე უნდა აშენდეს თხილის გადამამუშავებელი ქარხანა.
1929 წელს დაარსებული შოკოლადის მწარმოებელი კომპანია წელიწადში დაახლოებით 3,7 ათას ტონა შოკოლადს აწარმოებს, რომლის მეოთხედი ექსპორტზე გადის. Camile Bloch-ის ყველაზე პოპულარული პროდუქტებია - ფილები Ragusa და Torino.