თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ვაქცინაციის დღევანდელი ტემპი საკმარისია იმისათვის, რომ წლის ბოლოსთვის საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% აიცრას, განუცხადა ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 11 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე COVID-19-ზე საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.
„თუ ჩვენ ამ ტემპით წავედით, საშუალოდ დღეში 23-24 ათასი, ჩვენ წლის ბოლოსთვის თავისუფლად შევასრულებთ იმ ჩვენს სამიზნეს, რაც არის მოზრდილი მოსახლეობის 60%, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ მეტი გვინდა. თუ სექტემბერ-ოქტომბერში დავიჭერთ ამ მაჩვენებელს, 24 ათას დღიურს, ოქტომბრის ბოლოსთვის სერიოზულად შევაკავებთ (პანდემიას - რედ.), ანუ ცივ სეზონს შევხვდებით სერიოზული იმუნიტეტით“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, სექტემბერი და ოქტომბერი - კრიტიკული თვეებია საქართველოსთვის, ამიტომ ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი 30-35 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
„გვინდა, რომ მეტი იყოს ვაქცინაციის მაჩვენებელი - 30-35 ათასი. ეს იქნებოდა ძალიან კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. სპეციალისტების შეფასებით, მეოთხე ტალღა ყველაზე აგრესიულია და ეს კორონავირუსის „ინდური შტამის“ გავრცელებას უკავშირდება.