COVID-19 - ბოლო ცნობები

პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა? როდის უნდა ელოდოს ქვეყანამ მეხუთე ტალღას

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ინფიცირების მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა და ქვეყანა მეოთხე ტალღის ჩამთავრების სტადიაშია.
Sputnik
თბილისი, 12 სექტემბერი – Sputnik. ყველა პარამეტრი, რომლითაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ფასდება, ბოლო კვირების განმავლობაში სტაბილურად უმჯობესდება, განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ჩხაიძემ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა უკვე გადაიარა - თითქმის ერთი თვის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ყოველდღე მცირდება.
„მეოთხე ტალღის მაქსიმალური მაჩვენებელი – 6.208 შემთხვევა დაფიქსირდა 17 აგვისტის და მას შემდეგ ეს მაჩვენებელი ყოველდღიურად მცირდება. 21 აგვისტოს ქვეყანაში 61 ათასი აქტიური შემთხვევა ფიქსირდებოდა, ახლა კი ეს რიცხვი განახევრებულია, მეტიც, 29 ათასი აქტიური შემთხვევაა ახლა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სტაციონარებში 1.600-მდე თავისუფალი საწოლია.
COVID-19 - ბოლო ცნობები
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„აქედან გამომდინარე შეიძლება უკვე დარწმუნებით ითქვას, რომ კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა და ახლა ამ ტალღის ჩამთავრების სტადიაში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგი დღეების განმავლობაში გაგრძელდეს სტაბილური შემცირება. ოქტომბრის დასაწყისისთვის შესაძლებელია, ათასამდე შემთხვევები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
რაც შეეხება შესაძლო ახალ ტალღას, ივანე ჩხაიძის განმარტებით, ვირუსის გავრცელების მეხუთე ტალღა მოსალოდნელია ნოემბერიდან, თუმცა აუცილებლად იქნება თუ არა მეხუთე ტალღა, ამაზე ახლა საუბარი ნაადრევია.
„ახალი ტალღა რომ არ მივიღოთ, უნდა შევამციროთ მეოთხე ტალღის მაჩვენებლები. ჯერ მეოთხე ტალღის პერიოდში ვიმყოფებით. ნოემბრიდან რესპირაციული ვირუსების მატების სეზონია. ახალი ტალღა შეიძლება იყოს დაკავშირებული ტემპერატურის მკვეთრ შემცირებასთან. ეს შეიძლება იყოს მეხუთე ტალღა, თუმცა ახლა საუბარი იმაზე, რომ აუცილებლად იქნება მეხუთე ტალღა, არამგონია, სწორი იყოს. ერთადერთი რეალური მიზეზი, რაც შეიძლება ახალი ტალღის დაწყების მიზეზი გახდეს, არის მუტაცია“, – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „პირველ არხს“.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.838-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 580.869-ს მიაღწია.
ამ დროისათვის ქვეყანაში ჩატარებულია 1.491.371 აცრა. ამ ეტაპზე ერთი დოზით აცრილია 303.483 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 31,4%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 593.944 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 20,8%. 11 სექტემბერს აიცრა 21.199 ადამიანი.
ეპიდემიოლოგები აცხადებენ, რომ პანდემიის დასაძლევად ქვეყანაში ზრდასრული მოსახლეობის 60-70 პროცენტი უნდა აიცრას.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.