თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს ლუქსემბურგში ევროპის ჩემპიონატზე იუნიორთა შორის ოთხი მედალი მოიპოვეს, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ქართველმა ძიუდოისტმა ნიკა ხარაზიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართული შეჯიბრების ფინალში ხარაზიშვილმა ნიდერლანდების წარმომადგენელი, ტიგო რენესი დაამარცხა. ქართველმა ჯერ ვაზარი მიიღო, შემდეგ კი მეტოქე ბეჭებზე დააგდო.
ამავე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი თორნიკე ფოლადიშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელს, იშხან ედისულტანოვს აჯობა.
საბა ინანეიშვილი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ლუქსემბურგში +100კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ილია სულამანიძემ კი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -100კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამგვარად, ჩემპიონატის სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივში ხუთი მედალია. მანამდე ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გიორგი სარდალიშვილი (-60 კგ) გახდა.