ვინ მიიღებს ბინებს წყალტუბოში - დევნილების სიები გამოქვეყნდა

წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი 3000-მდე დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც წყალტუბოში ბინები გადაეცემათ, იუწყება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
უწყება წყალტუბოში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 420 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს.
ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღსანიშნავია, რომ 5-6 სულიანი ოჯახები სამოთახიან ბინებს მიიღებენ, 3-სულიანი და 4-სულიანი ოჯახები - ოროთახიანებს და 1-2 სულიანი ოჯახები - ერთ- და ოროთახიანებს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, წყალტუბოში ყველა ყოფილი სანატორიუმის შენობა იხურება და ნგრევად ობიექტებში ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს მიიღებენ.
300-მდე დევნილ ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა
სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.
იძულებით გადაადგილებული პირების მიღება წყალტუბოს საკრებულოს შენობაში (რუსთაველის ქ.N27) 13 სექტემბერს, 10:00 საათიდან გაიმართება.
მთავრობის გეგმების მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე ახალი საცხოვრებელი ფართი 3000-მდე დევნილმა ოჯახმა უნდა მიიღოს.
2024 წლამდე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის 8 ათასამდე ბინა აშენდება
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.