ვაშლიჯვრის ფერდზე კვლავ ნაპრალები გაჩნდა

თბილისის მერი კახა კალაძე არ იზიარებს გეოლოგების შეშფოთებას და ირწმუნება, რომ გზაზე მოძრაობა უსაფრთხოა
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. თბილისში მეწყრულ ზონაში - მაჭავარიანის ქუჩაზე - ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ კვლავ ნაპრალები გაჩნდა, ისმის კითხვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იუწყება ტელეარხი Formula.
ტელეარხის ინფორმაციით, ამჯერად ნაპრალების სიღრმე დაახლოებით 3-4 მეტრს შეადგენს.
„აჰა! მაჭავარიანის ფერდს ნაპრალები ისევ გაუჩნდა! ქვემოთ კიდევ ცენტრალური მაგისტრალია!“ - დაწერა თავის Facebook-გვერდზე დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ.
მისი თქმით, ნაპრალები ახალი არაა, ისინი მანამდეც არსებობდა და სხვადასხვა სამშენებლო მასალით იყო სავსე, რომელიც დროთა განმავლობაში დაიწია და რეალური სურათიც გამოჩნდა.
თბილისის მერი კახა კალაძე გეოლოგების შეშფოთებას არ იზიარებს.
„არანაირი პრობლემა იქ აღარ არის. თქვენ იცით, რომ ახალი გზა გაგვყავს, შესაბამისად, არის სამი კონკრეტული ადგილი, რომელიც მეწყერსაშიში იყო და სამივე ამ ადგილზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ ამ ახალ გზაზე იყოს გადაადგილება ყველასთვის უსაფრთხო. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც მაჭავარიანს ქუჩას და მარშალ გელოვანის გამზირს აკავშირებს ერთმანეთთან“, - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
26 აგვისტოს მაჭავარიანის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგა. მერიის ინფორმაციით, ამ რაიონს მეწყერი აღარ ემუქრება და იქ მოძრაობა უსაფრთხოა.
გეოლოგები დარწმუნებული არიან, რომ თბილისის მერია მეწყრულ ზონაში არასწორად მოქმედებს
მაგრამ თეა გოდოლაძის თქმით, შეუძლებელია მეწყრული ზონა უსაფრთხო იყოს.
„მეწყრის შეჩერება შეუძლებელია. ეს შეუქცევადი პროცესია, მეწყერი არსად არ წასულა. ამ ფერდს საუკუნეების განმავლობაში მეწყრული მასების წარმოშობა ახასიათებდა, მისი ხელის ხლება არ შეიძლებოდა... შესაბამისად, იქ დაიწყო ისეთი პროცესები, რისი შეჩერება შეუძლებელია. ეს იქნება დინამიკაში მზარდი პროცესი და არავინ არ იცის, როდის და რას გამოიწვევს ის“, - განუცხადა ადრე გოდოლაძემ Sputnik-საქართველოს.
მიმდინარე წლის 15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდობზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 20 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მათი თქმით, ფერდიდან შეიძლება ჩამოშლილიყო 800 ათასი კუბური მეტრი მიწის მასა, რაც ქალაქისა და მოსახლეობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები.