თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 86,1%, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2,3%-ით აღემატება, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" კვლევაში „შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების მაჩვენებლები“.
ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0,7%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლად - 4,4%-ით და, შესაბამისად, ამ მაჩვენებელმა 91,4% და 78,9% შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია აჭარაში (94,8%) და თბილისში (94,4%).
კვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო სამი თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 77,4%-მა, რაც 3,4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
აღინიშნა, რომ 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 91,7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7,2% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1,1% კი - უფრო იშვიათად.
15 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეების მიერ ინტერნეტის გამოყენების ძირითადი მიზნები:
სოციალური ქსელების გამოყენება — 95,3%
ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი – 94,7%
ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა – 54,3%
ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება – 50,7%
ელექტრონული ფოსტის მიღება/გაგზავნა – 46,6%
საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება – 38,5%
ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა – 36,4%
პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა – 17%
სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა – 12,3%.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63,8%.
ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპიუტერით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის მხოლოდ 60,8%-მა.