თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და 11 სექტემბრის ტერაქტის 20 წლისთავთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართა. სახელმწიფოს მეთაურის მიმართვის ტრანსლაცია მის Twitter-აკაუნტზე მიმდინარეობდა.
„ჩემთვის 11 სექტემბერი უმთავრესი გაკვეთილია. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე რთულ მომენტებში, ამერიკის სულისთვის ბრძოლაში ერთიანობა - ჩვენი უდიდესი ძალაა. ერთიანობა ნიშნავს, რომ უნდა ყველას ერთი რამ გვწამდეს, ერთმანეთის და ჩვენი ერის ფუნდამენტური პატივისცემა და რწმენა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მან აღნიშნა, რომ „ადამიანური ბუნების ბნელმა ძალებმა - შიშმა და რისხვამ, მიუღებლობამ და ძალადობამ - ვერ შეარყია ამერიკის ერთიანობა“.
როგორც ცნობილია, დღეს პრეზიდენტი და პირველი ლედი ტერაქტების შედეგად დაზარალებული სამი ლოკაციის მონახულებას გეგმავენ: ესაა ნიუ-იორკში მდებარე მსოფლიო სავაჭრო ცენტრი, პენტაგონი და ასევე მინდვრები შანქსვილთან (პენსილვანიის შტატი), სადაც United Airlines-ის „რეისი 93“ ჩამოვარდა.
ნიუ-იორკში ხსოვნის ცერემონია ტრადიციულად დაიწყება დილის 08:46 საათზე, როდესაც ტერორისტების მიერ გატაცებული პირველი თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ ცათამბჯენს შეეჯახა. ცერემონიის დროს ამოიკითხება ყველა დაღუპულის სახელი და გვარი, ხოლო იმ წუთებს, როდესაც დანარჩენი ტერაქტები მოხდა, პაუზით აღნიშნავენ.
11 სექტემბრის ტრაგედია გახდა ყველაზე მასშტაბური ტერაქტი თანამედროვე ისტორიის განმავლობაში. მას 2977 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ოთხი ათასზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.