ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა, რომელიც სოციალურ ქსელში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა, იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში პანიკური შეტევებით იტანჯებოდა.
როგორც ხატია სიჭინავა ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს, ეს ყველაფერი მესამე შვილის გაჩენის შემდეგ დაეწყო და ვერავინ უშველა, მათ შორის, ვერც მისმა მეუღლემ, რომელიც „ყოველდღე ლექციებს უკითხავდა“.
ხატია სიჭინავას თქმით, პანიკური შეტევების მიზეზი ვერ დაადგინეს, არც არსებობდა. ანალიზებიც კი გაიკეთა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ არაფერი ეშველებოდა, დაითრგუნა და ეგონა, რომ ცხოვრება დასრულდა.
„ჩემმა ქმარმა აღმოაჩინა ექიმი, რომელთანაც მივედი. გამომკითხა ყველაფერი და მითხრა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც დეპრესია არ ემართება, ორსულობის შემდგომი დეპრესია გაქვს, ოღონდ რადგან დეპრესიული არ ხარ, პანიკური შეტევებისკენ აიღო გეზი დეპრესიამო. ანუ, წესით, დეპრესია უნდა მქონოდა, მაგრამ ჩემს ორგანიზმში ეს არ „იდო“ და მუშავდებოდა. ამ ექიმმა გამომიყვანა მდგომარეობიდან“, – იხსენებს სიჭინავა.
მისი თქმით, ამის შემდეგ მიხვდა, რომ არაფერი ღირს ნერვიულობად და ახლა იცის, რომ არ არსებობს ქვეყანაზე ადამიანი, კომენტარი და მოვლენა, რომელმაც შეიძლება წყობიდან გამოიყვანოს და ვიღაცის ნათქვამს მისი ჯანმრთელობა შესწიროს.