რას ამბობს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული: ადვოკატის კომენტარი

დაკავებულის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის მოტივზე არ საუბრობს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლების აყვანისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ბრალდებით დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს ხვალ წაუყენებენ.
გუშინ ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი დაახლოებით დღის 4 საათზე შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა. ადგილზე მალევე მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება. მძარცველთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. შედეგად – ბანკში შეჭრილმა მამაკაცმა მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა. სამართალდამცველებმა 48 წლის მამაკაცი ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს.
ყვარელში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ყოფილი მზარეულია
ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ადვოკატი ლეილა გარსევანიშვილი შეხვდა. მან თავისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, მომხდარის მოტივზე და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან მშვიდად გამოიყურება, არაფერზე ღელავს. რაც შეეხება მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ვერაფერს გეტყვით, ჩემთან არაფერი გამოუხატავს. რაც შეეხება იმას, აღიარებს თუ არა ჩადენილ დანაშაულს, ამაზეც ვერაფერს გეტყვით. ასევე არ გვისაუბრია მის ფინანსურ პრობლემებზე, ვერაფერს გეტყვით. არც მიკითხავს, არც თვითონ უთქვამს“, — ამბობს ადვოკატი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებასა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.