თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დასაბრუნებლად ორგანიზაცია „საერთო სახალხო მოძრაობა“ დააფუძნა.
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავის განზრახვაზე სააკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვიდეომიმართვაში განაცხადა. ყოფილი სახელმწიფო მეთაურის თქმით, მას დაპატიმრების არ ეშინია და აპირებს დაასრულოს „რევანშის ერთსა და იმავე წრეზე სიარული“.
„მოდის კოალიციური მთავრობა და იგი (სააკაშვილი) საქართველოში მშვიდობიანად უნდა დაბრუნდეს. უნდა შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. მას უნდა დაუბრუნდეს მოქალაქეობა, რომელიც არასწორად ჩამოერთვა. მოდით, მივცეთ მას მუშაობის შესაძლებლობა. იგი ბრწყინვალე რეფორმატორია, მან ეს უკვე დაამტკიცა“, – განაცხადა ჩარკვიანმა ბრიფინგზე.
ჩარკვიანის ინიციატივა შეაფასეს მმართველ პარტიაში.
„მორიგი ისტერიული გამოხდომა. სხვა შეფასებას ვერ მივცემ. როდესაც დღეს რომელიმე პოლიტიკური ფიგურა კიდევ ცდილობს შექმნას ორგანიზაცია, რომელიც მხარს დაუჭერს მიხეილ სააკაშვილს, ადამიანს, რომელთანაც დაკავშირებულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე, ბევრი პოლიტიკური თუ სხვა შეცდომა, ფიქრობს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მის დაბრუნებაზე, ეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე დამარცხების ნიშანია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა.
მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ როგორც კი სააკაშვილი ქართულ მიწაზე ფეხს დადგამს, მას დააპატიმრებენ და ციხეში ჩასვამენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ქართულ ციხეში თავს კომფორტულად იგრძნობს ჰალსტუხების კოლექციით".
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა, თუმცა არაერთხელ დადო ამის პირობა. ექს-პრეზიდენტი შიდა სახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული. 2015 წელს მას ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა და თითქმის ექვსი წელია უკრაინის მოქალაქეა.