კახეთში ყურძნის მოსავალი 5 ათასზე მეტმა ფერმერმა ჩააბარა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდება, ფერმერების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს მიაღწევს.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. კახეთში „რთველი 2021“-ის ფარგლებში 90-მდე ღვინის საწარმომ 58 ათას ტონამდე ყურძენი გადაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის ოთხჯერ მეტია, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ბოლო მონაცემებით, უკვე 5 ათასზე მეტმა ფერმერმა ჩააბარა მოსავალი, შემოსავალმა კი ჯამში 50 მლნ ლარი შეადგინა.
რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 250-მდე ღვინის კომპანია და მარანი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში.
დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია
ფერმერების მხარდაჭერის მიზნით საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ყურძნის ორი ჯიშის – „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ სუბსიდირება, რომლებიც ძირითადად კახეთში მოდის. სუბსიდიით სარგებლობა შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც შეიძენენ და გადაამუშავებენ ამ ჯიშის არანაკლებ 100 ტონა ყურძენს და ფერმერს ერთ კილოგრამში არანაკლებ 90 თეთრს გადაუხდიან.
სუბსიდირებისთვის გამოყოფილია 100 მილიონი ლარი.
წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს 280 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდება, ფერმერების შემოსავალი კი 300 მლნ ლარს მიაღწევს.