ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება

საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება.
Sputnik
თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. შვეიცარიაში, ბერნის ბიბლიოთეკაში ქართული სექცია გაიხსნება, ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ბიბლიოთეკა ბერნში მცხოვრები ქართველების ინიციატივით და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკის, ბერნის კანტონის განათლების განყოფილების, ბერნის ინტერკულტურული ბიბლიოთეკისა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიხსნება.
ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე შეიქმნება
გახსნის ცერემონია 16 სექტემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
„ღონისძიების ფარგლებში ქალაქ ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას გადაეცემა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ მოწოდებული საბავშვო ქართული და უცხოური ლიტერატურა ქართულ ენაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
საწყის ეტაპზე ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე სამოცამდე ქართული წიგნი განთავსდება.
უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერნის ინტერკულტურულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც ხელს შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის უფრო ფართოდ წარმოჩენას ბერნის ბიბლიოთეკაში.
საელჩოს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ქართული ბიბლიოთეკის სექციის გახსნის ცერემონიაზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდული იქნება, ღონისძიებას მხოლოდ 15 პირი დაესწრება.