თბილისი, 10 სექტემბერი – Sputnik. ქართველი მწერლის ანასტასია ხატიაშვილის სადებიუტო რომანი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია" რუსული ლიტერატურული პრემია Электронная буква 2021-ის ლონგ-ლისტში („გრძელ სიაში“) შევიდა.
ეს არის რუსეთში პირველი ლიტერატურული პრემია ელექტრონული და აუდიოწიგნების სფეროში. მისი მიზანი დამწყებ ავტორთა და მკითხველთა მხარდაჭერაა. მთავარი პრიზი კი არის ლაურეატების წიგნების პოპულარიზაცია კომპანია ЛитРес-ის ჯგუფის ყველა რესურსზე.
წელს, ტრადიციულად, კონკურსის ექსპერტები და ჟიურის წევრები აირჩევენ „წლის წიგნს" და „წლის ხმას". ცალკე საუკეთესო ნაწარმოებს და საუკეთესო აუდიოწიგნს წიგნის მოყვარულთა სოციალური ქსელი LiveLib-ის მკითხველები აირჩევენ.
წელს ყველაზე საინტერესო ნაწარმოებებს და „წლის ხმას“ შეარჩევს კომპეტენტური ჟიური: მწერლები დარია დონცოვა, ალექსანდრ ციპკინი, ალექსანდრ სნეგირევი, თეატრისა და კინოს არტისტი სერგეი ჭონიშვილი, ტელე- და რადიოწამყვანები ოლგა შელესტი და კირილ რადციგი, კულტურის მიმომხილველი დენის კატაევი და Movie Mood-ის დუბლირების მსახიობთა კვარტეტი.
კონკურსზე სხვა ნომინაციებიცაა – „სიყვარული ყოველ სიტყვაში", „არარეალური რეალობა", „გამოგონილი სამყაროს საუკეთესო აღწერა", „ყველაზე არაერთგვაროვანი დასასრული". სპეციალური ნომინაცია Роман взросления ეძღვნება დღეს პოპულარულ ლიტერატურას young adult. სწორედ ამ ნომინაციაში მოხვდა ანასტასია ხატიაშვილის წიგნი.
შორტ-ლისტის გამოცხადება ინტელექტუალური ლიტერატურის ბაზრობაზე Non/Fiction მოხდება. ფინალი და გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია კი მოსკოვში 2022 წლის თებერვალში გაიმართება.
„საუკეთესო წიგნის" ავტორი და მკითხველი, რომელიც დაიმსახურებს ჯილდოს „წლის ხმა", თითოეული 250 ათას რუბლს მიიღებს. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულები – 30 ათას რუბლს. საერთო საპრიზო ფონდი შეადგენს 19 მილიონ რუბლს. ვინ მიიღებს მნიშვნელოვან ფულად ჯილდოს, ჟიურის წევრები გადაწყვეტენ.
წიგნი „საუკეთესო, რაც არ გამაჩნია“ – ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელიც რუსულ ენაზეა დაწერილი. ის 16 თებერვალს გამოიცა პლატფორმაზე Ridero. იმავე თვეში რომანი საგამომცემლო სერვისი Ridero-ს თებერვლის საუკეთესო წიგნების რეიტინგში მოხვდა. უკვე მაისში კი წიგნი თბილისში დაიბეჭდა.
„ესაა ორი ქართველი ახალგაზრდის ისტორია, რომელთა ცხოვრება და სიკვდილი იხლართება სიყვარულისა და ურთიერთგაგებისთვის გიჟურ რბოლაში, როდესაც რეალობის ყველა კანონი ირღვევა. მისტიკა გადაჯაჭვულია ქართულ მითოლოგიასთან, მეგობრობა – სიყვარულთან, ინგრევა სტერეოტიპები ერთგულებისა და ღალატის, სიკეთისა და ეგოიზმის შესახებ, როდესაც ფსონზე იდება საყვარელი ადამიანების უკანასკნელი ამოსუნთქვა უსასრულო არარსებობის დადგომამდე“, – ნათქვამია გამომცემლობის ანონსში.
ანასტასია ხატიაშვილი – ჟურნალისტი, მთარგმნელი, პოეტი, მოთხრობების კრებულისა და დოკუმენტური წიგნის ავტორი ბელა ახმადულინას შესახებ „სიზმრებზე მეტი“ (Больше, чем сны). 2014 წელს მოთხრობების კრებულით „ხვალ ომია“ (Завтра война) შევიდა პრემია „დებიუტის“ ლონგ-ლისტში ნომინაციაში „მცირე პროზა“. 2020 წელს გახდა ფონდ „რუსკი მირის“ ჟურნალისტური სტატიების საერთაშორისო კონკურსის СО-Творение პრიზიორი.